თეგი: გმირთა მოედანი

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჟიული შარტავას ბიუსტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნეს და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს. გარდა ამისა, სოხუმის დაცემის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას. საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა. სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა. დღეს გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს. კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე, არ დატოვა სოხუმი. მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი. მჯერა, მოვა დრო და მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ. ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი ავთანდილ მჭედლიშვილია. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს. გამარჯვებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ“ გამოავლინა.  

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის

გმირთა მოედანზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებები შედის. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაგეგმილია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, გამტარუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდა მინიმალური ინფრასტრუქტურული ჩარევით. „მოგეხსენებათ, გმირთა მოედანი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემური სატრანსპორტო კვანძია, სადაც ბევრი ავტომობილი იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ კვანძის ამჟამინდელი გეგმარებით, რამდენიმე მიმართულების კვეთა ხდება დარეგულირების გარეშე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, კოსტავას ქუჩისა და თამარ მეფის გამზირიდან, რაც ართულებს ნაკადების შეუფერხებელ გადაადგილებას. კვანძზე შუქნიშნის ობიექტის მოწყობით, არსებული ნაკადები დაიყოფა, რაც გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას. დაგეგმილი ცვლილებები დადებითად აისახება, როგორც კერძო ავტომობილების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაგეგმილ ცვლილებებზე უკვე მომზადდა სიმულაციური მოდელირება, რაც „შერჩეული გადაწყვეტის ეფექტიანობაზე მიუთითებს“.  

გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობას თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას (გრგ). ამ გადაწყვეტილებით, თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ემხრობა გმირთა მოედანთან ორი ცათამბჯენის მშენებლობას. „ქართული ოცნების" დეპუტატებმა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს. თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5. სხდომაზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა

2 მაისის საღამოს და 3 სამი მაისის ღამეს, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ცნობილია, რომ 2 მაისს გმირთა მოედანზე დაკავებულთა შორის არიან მუსიკოსები, ჯგუფ "ქვემეხის" წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი. ომბუდსმენი გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე: ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს